შანიძე აკაკი გაბრიელის ძე [14 (26). II. 1887, სოფ. ნოღა, სამტრედიის რაიონი, ― 28. III. 1987, თბილისი], ენათმეცნიერი. ქართული საენათმეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. საქართვ. მეცნ. აკად. დამფუძნებელი წევრი. სსრკ მეცნ. აკად. წევრ-კორესპონდენტი (1939), საქრთვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943), სომხ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), ფ. შილერის სახ. იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966). ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979); იყო საქართვ. მეცნ. აკად. საზ. მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე პრეზიდენტი (1948―50). დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის სამრევლო სკოლაში. 1909 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1913 ― პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. ნ. მარის წარდგინებით იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. სხვადასხვა დროს იყო თსუ სომხური ენის კათედრის გამგე (1918―30), ქართული ენის კათედრის გამგე (1919―45), ძველი ქართული ენის კათედრის გამგე (1945―87).

შანიძე ჯერ კიდევ სტუდენტობისა და ასპირანტობის წლებში დაინტერესდა ქართული დიალექტოლოგიის საკითხებით, კერძოდ ― მთის კილოებით, რომელთა მოკლე მიმოხილვა წარმოდგენილია ნაშრომში „ქართული კილოები მთაში“ (1915). მთის დიალექტებზე უშუალო დაკვირვებას შედეგად მოჰყვა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა ― ზმნურ პირის პრეფიქსთა ფუნქციების დადგენა, რასაც მიეძღვნა მონოგრაფიული ნაშრომი „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნაში“, რისთვისაც მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1920). ეს იყო პირველი სადისერტაციო ნაშრომი, დაცული თბილისის უნივერსიტეტში. ნაშრომში ქართული ზმნის სტრუქტურა პირველად არის განხილული როგორც სისტემა, რის გამოც შანიძე მიჩნეულია ენათმეცნიერებაში სტრუქტურულ-ფუნქციონალური მიმდინარეობის წინამორბედად.

კვლევის ორიგინალურობით გამორჩევა შანიძის სამეცნიერო მოღვაწეობის პირველსავე ათწლეულში დაწერილი ნაშრომები: „ნასახელარი ზმნები ქართულში“ (1919), „წელიწადის ეტიმოლოგიისათვის“ (1924), „უმლაუტი სვანურში“ (1925), „ქართული ზმნის საქცევი“ (1926) და სხვ. ენის მორფოლოგიური სისტემის კვლევისას მიღებული პირველი შედეგები აისახა საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომში „ქართული გრამატიკა. I. მორფოლოგია“ (1930), რომელიც აღიარებულია ახალი ქართული ენის პირველ მეცნიერულ გრამატიკად. ინტენსიურ მუშაობას განაგრძობდა მკვლევარი მომდევნო წლებშიც, რის შედეგადაც გამოვლინდა ახალი გრამატიკული კატეგორიები, ახლებურად გაშუქდა და არსებითად შეიცვალა წარმოდგენა ადრევე ცნობილი კატეგორიების შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაშრომები: „მწკრივის კატეგორია ზმნაში“ (1941, რუს. ენაზე), „ასპექტის ზმნური კატეგორიის გამოხატვის სისტემის შეცვლა ქართულში და მისი შედეგები“ (1942), „აქტივი და პასივი ერთურთის მიმართ მრავალპირიანი ზმნის ჩვენებით“ (1943), „აქტისა და კონტაქტის გრამატიკული კატეგორიები ქართული ზმნის მიხედვით“ (1946, რუს. ენაზე) და სხვ. ამ შრომების შედეგები თავმოყრილი და განზოგადებულია „ქართული გრამატიკის საფუძვლებში“, რომელიც ჯერ ორ ნაკვეთად დაიბეჭდა (1942, 1943), საბოლოო სახე კი მიეცა 1953 წელს (II გამოც. ― 1973; იხ. აგრეთვე: ა. შანიძე, თხზულებანი 12 ტომად, ტ. III, 1980).

ახალ ქართულთან ერთად შანიძე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ძვ. ქართულისადმი, რომელსაც მან მიუძღვნა არაერთი პირველხარისხოვანი ნაშრომი. აქ უნდა დავასახელოთ ის ენობრივი მიმოხილვანი, რომლებიც ახლავს მის მიერ გამოცემულ წერილობით ძეგლებს. ძვ. ქართულისთვის მიძღვნილი სპეციალური გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: „მცა“ ნაწილაკი ძველს ქართულში (1918), „ჰაემეტობა ადიშის სახარებაში (1923), „ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისათვის“ (1923), „ხანმეტობის გადმონაშთები IX―X―XI საუკუნეთა ქართულ ხელნაწერებში“ (1940, რუს. ენაზე), „სამი მწკრივის წარმოების თავისებურებანი ძველ ქართულში“ (1945), „ძველი ქართულის -ოდ სავრცობიან ზმნათა წარმოების ისტორიისათვის“ (1953) და სხვ. ძვ. ქართული ენის მორფოლოგიური და სინტაქსური მოვლენების მთლიანი მიმოხლივა წარმოდგენილია „ძველი ქართული ენის გრამატიკაში“ (1976). წიგნი ითარგმნა და გამოიცა გერმანულ და სომხურ ენებზე.

მკვლევარს სალიტერატურო ქართულის შუა საფეხურიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ. ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის ისტორიის შესწავლისას მის ნაშრომებში საშ. ქართულის მონაცემები ყოველთვის სათანადოდ არის გათვალისწინებული, საგანგებოდ ამ პერიოდს კი ეხება რამდენიმე ნარკვევი სალიტერატურო ქართულის ისტორიიდან: „ვნებითი გვარის ზმნათა უღლების ერთი თავისებურება საშუალ ქართულში“ (1947), „ანტონ I-ის გავლენა სალიტერატურო ქართულზე და ძველი ქართული ენის ძეგლების ვითარება ახალი აღთქმის წიგნების გამოცემებში“ (1964), აგრეთვე წერილების სერია ― „ვეფხისტყაოსნის ენის საკითხები“. საერთოდ, „ვეფხისტყაოსანს“ გამორჩეული ადგილი უკავია შანიძის სამეცნიერო ინტერესების საგანთა შორის. რუსთველოლოგიის საკითხებს მიუძღვნა მან 60-მდე ნაშრომი (თხზ., ტ. V, 1986). შანიძის წვლილი რუსთველოლოგიაში თვალსაჩინოა „ვეფხისტყაოსნის“ რედაქციების შესწავლის, ტექსტის დადგენისა და გამოცემის მხრივაც. მისი აქტიური მონაწილეობით გამოვიდა პოემის რამდენიმე გამოცემა, მათ შორის ― საიუბილეო (1966, თანარედაქტორი ალ. ბარამიძე), რომლის ტექსტიც დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერისა და ბეჭდური გამოცემის გათვალისწინებით. შანიძემ აღადგინა მოემის პირველი (1712, ე. წ. ვახტანგისეული) ბეჭდური გამოცემა (1937, 1975), გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია გამოკვლევითურთ (1956) და სხვ. რუსთველოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის 1987 წელს შანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია.

განსაკუთრებით დიდია შანიძის დამსახურება ძვ. ქართული ენის ძეგლების, მათ შორის ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენაში, შესწავლასა და გამოცემაში. მისი ინიციატივით დაარსდა ორი სერია ძვ. ქართული ტექსტების გამოცემებისა: „ძველი ქართული ენის ძეგლები“ (1944, მეცნ. აკად.) და „ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“ (1955, თბილ. სახელმწ. უნ-ტი). ამათგან პირველ სერიაში შანიძის რედაქციითა და გამოკვლევით 1945 წელს დაიბეჭდა ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით. სხვა ტექსტების შანიძისეული გამოცემებიდან აღსანიშნავია ოშკის, ანუ ათონის ბიბლიის (978) რამდენიმე წიგნი ორ ნაკვეთად (1947―48), პირველი ქართული თარიღიანი (864) ხელნაწერი ― სინური მრავალთავი (1959), უდაბნოს მრავალთავი (თანარედ. ზ. ჭუმბურიძე, 1994). გიორგი მთაწმიდლის „ცხოვრება იოვანესი და ეფთვიმესი“ (ტექსტი მომზადებული ი. ჯავახიშვილის მიერ, შანიძის რედაქციით, გამოკვლევითა და ლექსიკონით, 1946), „ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის“ (XII ს. ასტროლოგიური ტრაქტატი, 1975), პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი (1975), ჭილ-ეტრატის იადგარი (ა. მარტიროსოვთან და ალ. ჯიშიაშვილთან ერთად, 1977) და სხვ. ცალკე აღსანიშნავია შანიძის მიერ გამოცემული „ქართული ხალხური პოეზია. I. ხევსურული“ (1931), რომელიც სრულიად ახალი სიტყვა იყო ქართული ფოლკლორული ტექსტების პუბლიკაციის საქმეში.

შანიძის მუდმივი ზრუნვის საგანი იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მოწესრიგება და მათი დანერგვა. 1920―21 წლებში ის იყო თავმჯდომარე ქართული ენის ნორმების დამდგენი საორგანიზაციო კომისიისა, რომელმაც შეიმუშავა პირველი ოფიციალური სახელმწიფო პროექტი ქართული ორთოგრაფიის სადავო საკითხების მოსაგვარებლად (გამოიცა ცალკე წიგნად 1921). შანიძე იყო აქტიური წევრი სალიტერატურო ქართულის ნორმათა დამდგენი კომისიებისა, რომლებიც არსებობდა ჯერ საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან, შემდეგ ― მეცნ. აკადემიასთან და ბოლოს ― მინისტრთა საბჭოსთან. შანიძის მიერ შემუშავებული პროექტებით დაინერგა არაერთი ნორმა. მისი მრავალრიცხოვანი წერილები, მიძღვნილი ქართული სალიტერატურო ენის პრაქტიკული საკითხებისადმი, გამოცემულია ცალკე წიგნად („სალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხები“, 1979). შანიძემ შემოიღო და თანამედროვე ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში დანერგა მრავალი გრამატიკული ტერმინი.

შანიძე ავტორია საყურადღებო ნაშრომებისა ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებზე: „ორი ჭანურ-მეგრული სუფიქსი ქართულსა და სომხურ ენებში“ (1916, რუს. ენაზე), „ნა პრეფიქსის მნიშვნელობისათვის სამეგრელოს გეოგრაფიულ სახელებში“ (1972), „ჯ ბგერის წარმოშობის წყაროები ქართველურ ენებში“ (1960) და სხვ. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა კლასიკური გამოკვლევა „უმლაუტი სვანურში“ (1925). მასში ახსნილია სვანური უმლაუტის ბუნება, მისი გამომწვევი მიზეზები. ამასთანავე, გარკვეულია არაერთი მორფოლოგიური კატეგორიის რაობა, კერძოდ, პირველად არის ნახსენები ქცევის კატეგორია ზმნაში, დადგენილია სვანური ზმნის უღლების ტიპები, გარკვეულია სახელობითი ბრუნვის ნიშნის წარმომავლობა ქართველურ ენებში და მისი ევოლუცია სვანურში, დადგენილია ზედსართავ სახელთა ხარისხები და მათი მაწარმოებლები, განსაზღვრულია სვანური ენის დიალექტების დამახასიათებელი ნიშნები.

შანიძეს ეკუთვნის რამდენიმე ასეული სიტყვის ეტიმოლოგია; მის სახელს უკავშირდება კავკ. ალბანელთა დამწერლობის შესწავლა და ახალი სამეცნიერო დისციპლინის ― ალბანოლოგიის დაფუძნება. შანიძეს თვალსაჩინო წვლილი აქვს შეტანილი აგრეთვე ქართული ლიტერატურის ისტორიის, საქართველოს ისტროიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის საკითხების შესწავლის საქმეში.

თხზ.: თხზულებანი, ტ. 1―3, თბ., 1957―73; თხზულებანი 12 ტომად: ტ. I, თბ., 1984; ტ. II, 1981; ტ. III, 1980; ტ. V, 1986; ტ. IX, 1986.

ლიტ.: «ორიონი». საიუბილეო კრებული, მიძღვნილი ა. შანიძის დაბადების 80 წლისთავისადმი, თბ., 1967; ძიძიგური შ., აკაკი შანიძე (ცხოვრება და შემოქმედება), თბ., 1967 (რუს. ენაზე ― 1977); აკაკი შანიძეს. საიუბილეო კრებული. თბ., 1981; აკაკი შანიძე ― 100. საიუბილეო კრებული, თბ., 1987; დანელია კ., სარჯველაძე ზ., აკაკი შანიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1987.

ბიბლ.: აკაკი შანიძე. ბიბლიოგრაფია, შემდგ.: ვ. გოგილაშვილი, ნ. ჩხიკვიშვილი, თბ., 1977.

ზ. ჭუმბურიძე


(„ქართული ენა“, ენციკლოპედია, გამომც. „ეროვნული მწერლობა“, თბ., 2008)